საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღკვეთილად გამოაცხადა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონოდ შემოტანის ფაქტი. სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, "სადახლოს" სასაზღვრო სექტორის ტერიტორიაზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე. ეს დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქემ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთა. სამართალდამცავთა განცხადებით, დაკავებულს აღმოაჩნდა დაახლოებით 8,5 კილოგრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, „ბუპრენორფინის“ შემცველი 10 აბი და 1 შეკვრა „მეტამფეტამინი.“
შსს-ს ცნობითვე, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულია ირანის კიდევ ერთი მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული მ.კ, რომლისგანაც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 13 შეკვრად დაფასოებული, 600 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი.“ ამ საქმეზე ექსპერტიზაა დანიშნული.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია კიდევ ერთი უცხოელი. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელებმა ბათუმში დააკავეს თურქეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ა.ა, რომლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია, 480 აბი „ექსტაზი.“ დაკავებულს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ასეთივე სასჯელი ემუქრება თბილისში დაკავებულ, 1975 წელს დაბადებულ მ.რ-ს, რომელსაც შსს-ს ინფორმაციით, 130 აბი “სუბოტექსი” აღმოუჩინეს.