Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტამიფლუ მხოლოდ ერთ სააფთიაქო ქსელში აქვთ


ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ ამ ეტაპზე მსხვილ სააფთიაქო ქსელებში არ აქვთ. გრიპოზული ვირუსების სამკურნალოდ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ პრეპარატს გაუწია რეკომენდაცია. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „ჯიპისი“-ს, პე-ეს-პე“-ს, „ავერსი“-ს და „36.6“-ს , „ფარმედეპო“-ს სააფთიაქო ქსელებს. პრეპარატი მცირე რაოდენობით მხოლოდ „ავერსის“ ქსელში აქვთ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ სამინისტრო მუშაობს, რომ პრეპარატზე დეფიციტი არ შეიქმნას.

„ამ დროისთვის, ერთ-ერთ ფარმაცევტულ ქსელს აქვს მედიკამენტების მარაგი - 150 კოლოფი. სახელმწიფომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს გადასცა 2000 ცალის ოდენობით, დამატებით მარაგის სახით კი აქვს 1000 ცალი. პრეპარატი უკვე შეკვეთილია და ქვეყანაში მისი დეფიციტის საშიშროება არ დგას. იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტულ ქსელში არსებული მარაგი გაიხარჯება, სახელმწიფო მზადაა, არსებული რესურსები გადასცეს“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში.

3 იანვარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები 4 იანვრიდან, ანტივირუსულ მედიკამენტს, ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციებისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს.

„გრიპით ავადობა გაზრდილია, მაგრამ რეალურად, პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა. თუკი აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო ტამიფლუს ორსულებისთვის გასცემდა, დღეიდან უკვე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე დაიწყება გაცემა. მარაგები საკმარისია და დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ორსულებს შეუძლიათ, ყველა რაიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ, სადაც ამ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ასევე, ტამიფლუს მარაგი აფთიაქებშიც არის, ხოლო პაციენტს თუ მედიკამენტი სტაციონარში დასჭირდა, საყოველთაო დაზღვევის შესაბამისად მიეწოდება. ხაზი მინდა გავუსვა ტამიფლუს დანიშვნის ჩვენებებს: როდესაც გაციების სიმპტომები მკვეთრად სწრაფად იზრდება და ადამიანს რამე სხვა დაავადებაც აქვს (თანდაყოლილი, ქრონიკული თუ სხვა). ასევე, მოხუცები, ორსულები და მელოგინეები რისკჯგუფში შედიან. ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ ის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაინიშნოს. მას ასეთ შემთხვევაში აქვს მაქსიმალური ეფექტი”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

სამინისტროს ცნობით, პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100). შედეგად, ინფორმაცია პირის სოციალური სტატუსის შესახებ გადამოწმდება სამინისტროს შესაბამის ბაზაში იდენტიფიცირების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG