7 იანვარს საქართველოში ზეიმობენ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა საზეიმო ღვთისმსახურება. სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა-ლოცვა აღავლინეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და სინოდის წევრებმა. 6 იანვარს, ღამით გამოქვეყნდა კათოლიკოს-პატრიარქის ტრადიციული საშობაო ეპისტოლე.
7 იანვარს საქართველოში გაიმართება საშობაო მსვლელობები „ალილო.“ მისი მონაწილეები ტრადიციულად შეაგროვებენ ტკბილეულს და საჩუქრებს, რომლებსაც ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს გადასცემენ. თბილისში „ალილო“ 14 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.