გერმანიაში დააკავეს ასობით ადამიანის, მათ შორის პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მსახიობების პირადი მონაცემების გაჟონვასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი.
გერმანიის პოლიციის ცნობით, დაკავებულია 20 წლის კაცი, რომელიც ჰესენის მხარეში ცხოვრობს. ეჭვმიტანილის თქმით, ის მარტო მოქმედებდა. პოლიცია აცხადებს, რომ ჯერ არ გააჩნია მასალები, რომლებიც მიუთითებდა ეჭვმიტანილის სხვა პირებთან, ან უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირზე.
თავისი ქმედებების მოტივად ეჭვმიტანილი ასახელებს „გაღიზიანებას საჯარო განცხადებებით, რომლებსაც პოლიტიკოსები და სხვა პირები აკეთებდნენ". ცნობებში არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო ეჭვმიტანილმა მონაცემების მოპოვება.
ეჭვმიტანილს ეკუთვნოდა ტვიტერის ახლა უკვე წაშლილი ანგარიში, რომლითაც დეკემბერში გავრცელდა ცნობილი ადამიანების პირადი მონაცემები. მათ შორის იყო პოლიტიკოსების ფოტოები, ტელეფონის ნომრები, მისამართები, პირადი მიმოწერის ფრაგმენტები.
ინფორმაციის გაჟონვა შეამჩნიეს 3 იანვარს. ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ გერმანიის წამყვანი პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე ნაკლებად დაზარალდა მემარჯვენე პოპულისტური „ალტერნატივა გერმანიისათვის“.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელ მარტინა ფიტცის განცხადებით, გამოქვეყნებული მასალები არ შეიცავს კონფიდენციურ ინფორმაციას მთავრობის წევრების შესახებ.