Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ დ.ღ-ს სავარაუდოდ, ორ კვირაში გაათავისუფლებენ


ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასჯელაღსრულების დაწესებულებას მაქსიმუმ ორ კვირაში დატოვებს. ფრიდონ სიხუაშვილი​ს ინფორმაციით, დ.ღ.-ს პატიმრობის ვადა 19 იანვარს ეწურება.

8 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დ.ღ.-ს საქმეზე ბრალდების მხარემ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლია, მათ შორის, ბრალდებულის მიერ მკვლელობის საქმეზე მიცემულ ჩვენებები. ადვოკატის განმარტებით, სხდომაზე ვერ მოესწრო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა: „დროში ვერ ჩავეტიეთ. აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მომდევნო პროცესზე მოხდება, რომელიც 10 იანვარს გაიმართება. დ.ღ. უკანონო პატიმრობაშია, იმედს ვიტოვებ, დარჩენილ პროცესებში სასამართლო შეცვლის აღკვეთის ზომას, ეს იქნება გარდაუვალი", - ამბობს ფრიდონ სიხუაშვილი.

მისივე სიტყვებით, საქმის ორივე პროკურორს, ზვიად ფხაკაძეს და ინა გუგუშვილს სამართალდამცავებთან მოუწევთ პასუხის გაცემა ტყუილზე, რაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას თქვეს.ადვოკატის განცხადებით, 8 იანვარს გამართულ სხდომაზე გამოკვლეული ჩანაწერით დადასტურდა დ.ღ.-ს უდანაშაულობა: „ბრალდებამ მას ბრალში ჩაუწერა, რომ დ.ღ.-მ დამალა ზაზა სარალიძესთან შეხვედრა, ეს სიცრუეა. მათი ჩვენებით, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა დამალა სარალიძესთან შეხვედრა. დღევანდელ პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებაში ცალსახად ჩანს და ისმინება, რომ დ.ღ.-მ სასამართლოზე არ უარყო ზაზა სარალიძესთან შეხვედრა. სასამართლოზე არაერთხელ თქვა, რომ მას შეხვდა. ამ მტკიცებულებით დასტურდება, რომ სარალიძეს მეორე არასრულწლოვანთან ერთად შეხვდა, ისაუბრეს", - აცხადებს სიხუაშვილი.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს.

XS
SM
MD
LG