Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჰუმანიტარულ კრიზისად შეაფასა მექსიკასთან საზღვარზე შექმნილი ვითარება


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მექსიკასთან საზღვარზე შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დასრულება. 8 იანვარს საღამოს, პრეზიდენტმა ამერიკელებს ტელევიზიით მიმართა და სცადა დაერწმუნებინა, რომ მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა აუცილებელია. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კედელი შეერთებულ შტატებს დაიცავს მექსიკიდან მასშტაბური არალეგალური იმიგრაციისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ნარკოტიკების და დამნაშავეების შეღწევისგან. პრეზიდენტის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ კონგრესს წარუდგინა პრობლემის მოგვარების და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო რესურსების დეტალური გეგმა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესისგან ითხოვს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გარდა დაფინანსდეს სასაზაღვრო, უსაფრთხოების და საიმიგრაციო სამსახურებში ახალი თანამშრომლების მიღება და საზღვრის დამრღვევთათვის ახალი, დროებითი მოთავსების ცენტრების მშენებლობა. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, საზღვარზე აშენდება არა ბეტონის კედელი, არამედ ფოლადის დამცავი ბარიერი და მშენებლობისთვის დახარჯულ თანხას ქვეყანა სწრაფად აინაზღაურებს, რადგან აშშ-ის ტერიტორიაზე მოხვდება გაცილებით ნაკლები ნარკოტიკი, რომელთან ბრძოლისთვის ამჟამად მილიარდობით დოლარი იხარჯება.

დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა დემოკრატები, რომლებიც მისი თქმით, უარს ამბობენ კრიზისის აღიარებაზე. ტრამპის ინფორმაციით, დემოკრატი სენატორი ჩაკ შუმერი თავად ემხრობოდა მექსიკასთან საზღვარზე ბარიერის შექმნას, მაგრამ როგორც კი პრეზიდენტმა კედლის მშენებლობის იდეა გამოთქვა, დემოკრატებმა პოზიცია შეცვალეს. დონალდ ტრამპმა სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის იძულებით შეჩერების გამო პასუხისმგებლობა დააკისრა დემოკრატებს, რომლებიც უარს ამბობენ კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე. ტრამპის ინფორმაციით, კონგრესში დემოკრატების და რესპუბლიკელების ლიდერებთან მორიგი შეხვედრა 9 იანვარს გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კანონმდებლები განსხვავებულ პარტიულ შეხედულებებზე მაღლა დადგებიან.

დონალდ ტრამპი კონგრესისგან ითხოვს 5,7 მილიარდ დოლარს მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად. პრეზიდენტს უარს ეუბნებიან დემოკრატები, რომლებმაც ნოემბრის არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. პრეზიდენტსა და კონგრესს შორის ბიუჯეტზე უთანხმოების გამო, 22 დეკემბრიდან მუშაობა შეაჩერა ფედერალურმა მთავრობამ. 800 ათასამდე სახელმწიფო მოხელე შვებულებაშია, ან უხელფასოდ მუშაობს.

XS
SM
MD
LG