აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ და სენატში დემოკრატების უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართეს, დაუყოვნებლივ აღდგეს ფედერალური მთავრობის სრულფასოვანი მუშაობა. ერთობლივ ბრიფინგზე პელოსიმ და შუმერმა ტრამპს მოუწოდეს, ნუ აქცევს ამერიკელ ხალხს არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის მძევლად. ნენსი პელოსის განცხადებით, დემოკრატები მხარს უჭერენ საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებას და კონკრეტული საჭიროებების დაფინანსებას, მაგრამ გადასახადების გადამხდელი ფულს არ გადაიხდის მექსიკასთან საზღვარზე ძვირი და არაეფექტური კედლისთვის. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, რომ დანაშაულთან ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ ქალები და ბავშვები ამერიკას არ უქმნიან ჰუმანიტარულ საფრთხეს. სენატში დემოკრატების უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი მიიჩნევს, რომ ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს სასაზღვრო უსაფრთხოების პრობლემის განხილვა. „ამერიკის სიმბოლო უნდა იყოს თავისუფლების ქანდაკება და არა კედელი საზღვარზე“ - განაცხადა სენატორმა შუმერმა. მისი და ნენსი პელოსის ერთობლივი ბრიფინგი მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტელემიმართვას, რომელშიც მან ჰუმანიტარულ კრიზისად შეაფასა მექსიკასთან საზღვარზე შექმნილი ვითარება, კიდევ ერთხელ მოითხოვა კედლის მშენებლობის დაფინანსება და დემოკრატებს დააკისრა პასუხისმგებლობა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერებაზე.
პრეზიდენტი ტრამპი კონგრესისგან ითხოვს 5,7 მილიარდ დოლარს მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად. პრეზიდენტს უარს ეუბნებიან დემოკრატები, რომლებმაც ნოემბრის არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. პრეზიდენტსა და კონგრესს შორის ბიუჯეტზე უთანხმოების გამო, 22 დეკემბრიდან მუშაობა შეაჩერა ფედერალურმა მთავრობამ. 800 ათასამდე სახელმწიფო მოხელე შვებულებაშია, ან უხელფასოდ მუშაობს.