Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: მეჩვენება რომ მოსახლეობას გრიპით მიზანმიმართულად აშინებენ


პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მედიას მიმართა, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია გრიპის შესახებ, მაგრამ ნუ მიმდინარეობს მიზანმიმართული დაშინება.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გრიპის წლევანდელი სეზონი გახდა არა მოსახლეობის ინფორმირების, არამედ მოსახლეობის დაშინების და დაპანიკების საფუძველი“ - განაცხადა პაატა იმნაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. იმნაძის თქმით, სამწუხაროდ, გრიპის ყოველ სეზონზე არის მსხვერპლი, სტატისტიკა მძიმეა და ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი როგორც წესი, ამ სტატისტიკას არ აქვეყნებს, მაგრამ დღეს შექმნილი პანიკური მდგომარეობის გამო გადაწყვიტა საჯარო გაეხადა ბოლო 10 წლის სტატისტიკა. ამ სტატისტიკის თანახმად, 2009-2010 წლებში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპით 33 ადამიანის გარდაცვალება, მომდევნო წელს კი 53-ის. ამავე სტატისტიკით, 2015-2016 წლებში საქართველოში გრიპით გარდაიცვალა 50 ადამიანი. 2018-2019 წლების სეზონზე, 8 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპით 10 ადამიანის გარდაცვალება

„ჩვენ ქვეყანას რომ თავი დავანებოთ და სხვა ქვეყნებზე ვილაპარაკოთ, რადგან მუსირებს რომ თითქოს გრიპი მხოლოდ საქართველოშია, მხოლოდ შარშანდელ სეზონზე, როდესაც იგივე H1N1 ცირკულირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 80 000 ადამიანია დაღუპული. ეს იმას ნიშნავს, რომ CNN, CBS, ABC მთელი დღეები უნდა დაკავებულები ყოფილიყვნენ იმით, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ ერთი შემთხვევა გავრცელდა მასმედიით, როცა Fox News-ის წამყვანი 26 წლის გოგონა დაიღუპა გრიპის შედეგად“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოს ათასობით მოქალაქემ გრიპი უკვე გადაიტანა და აბსოლუტურმა უმრავლესობამ განსაკუთრებული გართულებების გარეშე. რაც შეეხება ლეტალურ შედეგებს, პაატა იმნაძის თქმით, ამის ძირითადი მიზეზი იყო ექიმისთვის დაგვიანებით მიმართვა და თანმხლები ქრონიკული დაავადებები. იმნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რისკის ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს, ექიმს დაუყოვნებლივ მიმართონ, თუკი ერთი დღის განმავლობაში ტემპერატურა 38,5 გრადუსზე ქვევით არ დაიწევს, ხოლო დანარჩენებმა თუკი ასეთივე ტემპერატურა შენარჩუნდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG