მოსკოვში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ბოლო თავმჯდომარე, კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანატოლი ლუკიანოვი. მან ეს თანამდებობა 1990 წელს დაიკავა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტად მიხაილ გორბაჩოვის არჩევის შემდეგ. 1991 წელს ლუკიანოვმა მონაწილეობა მიიღო გორბაჩოვის „პერესტროიკის“ პოლიტიკის მოწინააღმდეგთა მიერ საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის შექმნაში. ამ კომიტეტის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის, „აგვისტოს პუტჩის“ შემდეგ ლუკიანოვი დააპატიმრეს და დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ გაათავისუფლეს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით. პუტჩის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დუმის მიერ 1994 წელს გამოცხადებული ამნისტიის საფუძველზე შეწყდა. მოგვიანებით, ლუკიანოვი სამჯერ აირჩიეს რუსეთის დუმის დეპუტატად სმოლენსკის ოლქიდან.
ანატოლი ლუკიანოვი მიჩნეულია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში სეპარატისტული კონფლიქტების ხელოვნურად გამოწვევის იდეის ერთ-ერთ მთავარ ავტორად. „ლუკიანოვის დოქტრინად“ მოიხსენიებენ პროექტს, რომელმაც მიზნად დაისახა საბჭოთა კავშირიდან გასვლის მსურველ რესპუბლიკებში სეპარატისტული რეგიონების შექმნა. ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვიქტორ ალქსნისმა, რომელიც ამ პროცესში პირადად მონაწილეობდა, 2014 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ლუკიანოვის დოქტრინის“ შედეგია მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და დნესტრისპირეთის არსებობა.