რუსეთის მიერ ოკუპრებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტები, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი იმყოფებიან კარაკასში, სადაც დღეს დაესწრებიან ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას. საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წლის სექტემბერში ცნო ვენესუელის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა.
2013 წელს, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტად მადურო აირჩიეს. მას ოპოზიცია ადანაშაულებს დიქტატურაში, კორუფციასა და ეკონომიკის დანგრევაში. ვენესუელაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, მადურომ რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩაატარა და ოფიციალური მონაცემებით, ხმების 67%-ით გაიმარჯვა. ოპოზიციამ ნიკოლას მადურო დაადანაშაულა არჩევნების გაყალბებაში. ეს პოზიცია გაიზიარეს დასავლეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ. აშშ-მა ვენესუელას დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. არჩევნების შედეგებისადმი პროტესტის ნიშნად ვენესუელიდან ელჩები გაიწვია 10-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის არგენტინამ, ბრაზილიამ და კანადამ. მადუროს გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა. ვენესუელის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები რუსეთის გარდა აღიარეს ჩინეთმა, კუბამ და სალვადორმა.