Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: მოსამართლეთა არჩევის გადაწყვეტილება მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ფართო მსჯელობის საფუძველზე. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული” - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ადამიანებს, რომლებიც „ცდილობენ საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს.“ ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ „საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია.“ ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ მონაპოვარს განსაკუთრებულად უფრთხილდება.

ამავე განცხადებაში ივანიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას და აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა ობიექტური საფუძველი.

მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ "მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად. ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს გუნდში და მიგვაჩნია, რომ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თავისუფალი დისკუსიის საფუძველზეა შესაძლებელი. მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა იუსტიციის საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიაზე გადადებას გაგებით მოეკიდებოდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გადაწყვეტილება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 26 დეკემბერს გამოაცხადა."

XS
SM
MD
LG