მაკედონიის პარლამენტი 10 იანვარს განაგრძობს საკვანძო მნიშვნელობის დებატებს ქვეყნისთვის სახელის შეცვლის თაობაზე, რათა ბოლო მოეღოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დავას მეზობელ საბერძნეთთან და გზა ქვეყანას გაეხსნას ნატოსა და ევროკავშირში წევრობისკენ.
9 იანვარს დაწყებულ დებატებზე გამოსვლისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა კანონმდებლებს მოუწოდა ხმა მისცენ სახელის ცვლილებას. ზაევის გამოსვლის შემდეგ დებატები ხუთშაბათისთვის გადაიდო და, მოსალოდნელია, რომ 11 იანვრამდე გაგრძელდება, სანამ გაიმართება საბოლოო კენჭისყრა.
ზაევს პარლამენტში არ მოეპოვება უმრავლესობა ხმების ორი მესამედით. ამიტომ მას და მის პარტიას ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდებათ. ნოემბერში მათ მიიღეს ეს მხარდაჭერა, როცა სახელის გამოცვლის პროცედურა დაიწყო.