Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს ვენესუელის პრეზიდენტის ახალი მანდატის ლეგიტიმურობას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას 2019 წლის 10 იანვარს ვენესუელაში დაგეგმილ „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით. უწყება აცხადებს, რომ ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ახალი მანდატის ლეგიტიმურობას: „ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახად არასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ამ კონტექსტში, საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი. საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი მწვავე პოზიცია ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძალადობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისკენ არის მიმართული“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ფონზე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერების მონაწილეობა „ინაუგურაციის“ ცერემონიაში ემსახურება ერთადერთ ამოცანას, მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის გზით.

XS
SM
MD
LG