Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დავოსში ვიზიტი გააუქმა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მონაწილეობას არ მიიღებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 22 იანვარს იწყება. ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ საზღვრების უსაფრთხოებისადმი დემოკრატების შეურიგებელი პოზიციის და ქვეყნის უსაფრთხოების განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო აუქმებს ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს დავოსში. დონალდ ტრამპი საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს პატივისცემას უდასტურებს, ბოდიშს უხდის და წარმატებას უსურვებს.

აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი კონგრესისგან 5,7 მილიარდ დოლარს ითხოვს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი საზღვრის დაცვა და არალეგალური იმიგრაციის და აშშ-ში ნარკოტიკების შეტანის შეჩერება. დემოკრატები, რომლებმაც ნოემბრის არჩევნების შედეგად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, კედლის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და პრეზიდენტს საზღვრის უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა ზომების დაფინანსებას სთავაზობენ. დემოკრატები აცხადებენ, რომ აშშ-ის სიმბოლოა თავისუფლების ქანდაკება და არა კედელი.

პრეზიდენტის და დემოკრატი კანონმდებლების უთანხმოების გამო, ფედერალური მთავრობა ნაწილობრივ დახურულია. სახელმწიფო დაწესებულებები „შატდაუნის“ მდგომარეობაში 22 დეკემბრიდან იმყოფებიან. 800 ათასამდე სახელმწიფო მოხელე იძულებით შვებულებაშია, ან უხელფასოდ მუშაობს.

XS
SM
MD
LG