თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად 5 ათასი ლარის გირაო შეუფარდა ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ბრალდებულ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მძღოლს. 9 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ავტომანქანა მშენებარე ობიექტზე, მუშების ფარდულს შეეჯახა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მძღოლს ჩაეძინა და ავტომობილის მართვისას კონტროლი დაკარგა. თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სანამ დაზუსტებით არ იქნება ცნობილი რამ გამოიწვია ავტომობილზე კონტროლის დაკარგვა, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ მძღოლს ჩაეძინა. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო რთული სამუშაო გრაფიკით. ადვოკატი ითხოვდა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა, სასამართლომ პროკურატურის შიამდგომლობა დააკმაყოფილა და მძღოლს 5 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 28 თებერვალს გაიმართება.