Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი უარყოფს პუტინთან შეხვედრის დეტალების გასაიდუმლოებას


ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ჰამბურგში. 2017 წელი
ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ჰამბურგში. 2017 წელი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დეტალების გასაიდუმლოების თაობაზე და აცხადებს, რომ „არაფერს ინახავს საიდუმლოდ“.

ტრამპმა ეს კომენტარი 12 იანვარს ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა მას შემდეგ, რაც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად „ტრამპმა არაორდინარულ ზომებს მიმართა, რათა არ გამხდარიყო ცნობილი პუტინთან მისი საუბრის დეტალები“.

აშშ-ის ამჟამინდელ და ყოფილ მოხელეებზე დაყრდნობით გაზეთი წერს, რომ სულ მცირე ერთხელ, 2017 წელს ჰამბურგში პუტინთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ტრამპმა ჩანაწერები ჩამოართვა თარჯიმანს და იმავე პირს დაავალა, რომ არ განეხილა საუბრის შინაარსი სხვა თანამდებობის პირებთან.

ტრამპი აცხადებს, რომ მას ჰქონდა „ბრწყინვალე საუბარი“ პუტინთან 2018 წლის ივლისში ერთი-ერთზე გამართული შეხვედრის დროს. ტელეწამყვანის შეკითხვაზე, თუ რატომ არ ამხელს ამ შეხვედრის დეტალებს, ტრამპმა უპასუხა, რომ „ვერ ხედავს პრობლემას, რომ ამაზე ისაუბროს“.

ტრამპი აცხადებს, რომ იგი მოლაპარაკებებს აწარმოებს ისევე, როგორც სხვა პრეზიდენტები კოლეგებთან შეხვედრის დროს.

„ჩვენ ვისაუბრეთ ისრაელის გარშემო, ისრაელის უსაფრთხოებასა და მრავალ სხვა საკითხებზე. მე არაფერს ვმალავ. ეს იმდენად სასაცილოა, რომ ამაზე სულ არ ვღელავ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG