შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი იძულების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინებისთანავე დაიწყო. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზრდასრული მამაკაცი, სოციალური ქსელის, "FACEBOOK"-ის გამოყენებით სისტემატიურად აიძულებდა არასრულწლოვნებს მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ.
„ამ გზით მოიპოვებდა და ხელყოფდა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ასევე მათ პერსონალურ მონაცემებს. პოლიციამ პირის იდენტიფიცირება მოკლე დროში შეძლო და ის ბრალდებულის სტატუსით თბილისში დააკავა“, - აცხადებენ შს სამინისტროში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს.