აშშ-ის ელჩმა გერმანიაში რიჩარდ გრენელმა გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ის რეალიზებაში მონაწილე რიგ გერმანულ კომპანიებს, მათ მიმართ აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ. გერმანულ გაზეთ „ბილდის“ თანახმად, აშშ-ის ელჩმა გერმანული ფირმები გააფრთხილა, რომ ისინი დაკავებული არიან საქმიანობით, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სანქციების რისკთან.
„საბოლოო ჯამში ფირმები, რომლებიც მხარს უჭერენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობას, - აქტიურად უთხრიან ძირს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას“, - მოჰყავს გაზეთს ელჩის სიტყვები.
გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელიც რუსეთიდან ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით დაუკავშირდება გერმანიას, ადრე გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა. მაგრამ სანქციებზე მას პირდაპირ არაფერი უთქვამს.
გერმანია აცხადებს, რომ გაზსადენი კომერციული პროექტია და იგი არ უკავშორდება პოლიტიკას. რაც შეეხება უკრაინის საკითხს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტი ევროპაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ -ის აგების შემდეგაც გაგრძელდება.