Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გაჩერებული ფოლადსადნობი ღუმელი აამუშავეს


რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აამუშავეს ფოლადსადნობი ელექტროღუმელი, რომლის გაჩერებასაც გასული წლის დეკემბერში დაახლოებით 400 თანამშრომლის გაშვება მოჰყვა იძულებით, თუმცა ფასიან, შვებულებაში.

„მეორე ღუმელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა თანამშრომელი საწარმოში გამოიძახეს. ღუმელის ამუშავების შესახებ შეტყობინება გაუგზავნეს ქარხნის ქვეკონტრაქტორ კომპანიებსაც“, უთხრეს რადიო თავისუფლებას რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც ორი ფოლადსადნობი ღუმელიდან ერთი გასული წლის 14 დეკემბერს გააჩერეს.

საწარმოს მენეჯმენტი ითხოვდა ამოქმედებულიყო კანონი, რომელიც საქართველოში დემპინგურ ფასებში შემოტანილი იმპორტირებული სამშენებლო პროდუქციის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს. ხსენებული კანონი გასული წლის 15 ნოემბერს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მთავრობამ ფისკალური მოსაზრებით გადაწყვიტა ვადა ორი თვით გადაეწია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ გასული წლის 7 დეკემბერს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი კომიტეტის ხმაურიან სხდომაზე განაცხადა, რომ გაითვალისწინეს იმპორტიორთა თხოვნა, ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად, 2018 წლის ბოლომდე ქვეყანაში შემოტანილ სამშენებლო მასალაზე ლიბერალური დამოკიდებულება შენარჩუნებულიყო. გარდა ამისა, მიხეილ დუნდუამ პარლამენტარებს მიანიშნა, რომ კომპანიების ზარალი საქართველოს ბიუჯეტსაც დააზარალებდა.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტი ამტკიცებს, რომ „უხარისხო“ ირანული არმატურა საქართველოში დემპინგურ ფასებში შემოაქვთ, რის გამოც ადგილობრივი წარმოება ზარალდება.

პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსთავიდან, ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი კომიტეტის წევრმა გიორგი ბეგაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხარისხის კონტროლის გამკაცრება ხელს არ შეუშლის კონკურენციას და, ამასთან, წაახალისებს ადგილობრივ წარმოებებს და გაზრდის მათ მიერ გამოშვებული სამშენებლო პროდუქციის ხარისხს.

მეტალურგიულ ქარხანაში ამუშავებული ფოლადსადნობი ღუმელის წლიური წარმადობა 70 ათასი ტონაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG