Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯვრის მონასტერი, სავარაუდოდ, ხვალ გაიხსნება


მცხეთის ჯვრის მონასტერი მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის, სავარაუდოდ, ხვალ გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი კაპანაძეზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა მამა კონსტანტინემ ერთპიროვნულად მიიღო.

გიორგი კაპანაძე ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სასულიერო პირებს სურთ, რომ მონასტრის ტერიტორია დატოვონ გარემოვაჭრეებმა. გიორგი კაპანაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტმა მის კომპეტენციაში არსებული სამუშაოები უკვე შეასრულა და გარემოვაჭრეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა, ასევე ვაჭრობის უფრო ცივილური ფორმებიდან გამომდინარე, მერიამ დაამზადა ჯიხურები, რომელიც აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტებს და არ ავნებს მონასტრის იერსახეს. მერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის იძულებით ვერ დაატოვებინებს ვერც ერთ ადამიანს ტერიტორიას, ვინაიდან ვაჭრობა მათი ერთადერთი საარსებო წყაროა: „როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მამა კონსტანტინემ. სავარაუდოდ, ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება და ხვალ გაიღება ტაძარი. მე ვერ გამოვიყვან იქ მყოფ ადამიანებს და ხელებს ვერ გადავუგრეხ მათ, რომლებიც ამინდის მიუხედავად, ვაჭრობენ, რათა არჩინონ ოჯახები. მერიამ რაც გააკეთა, არის ის, რომ მოვაჭრეები გადაიყვანა გზის სავალი ნაწილიდან და ეს ტერიტორია მთლიანად დაუთმო მონასტერს“, - განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.

ჯვრის მონასტერი 14 იანვრის დილიდან სასულიერო პირების გადაწყვეტილებით დაკეტილია. მონასტრის ბერებმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს და განაცხადეს, რომ არსებულ კითხვებზე პასუხს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გასცემდა. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა, მოგვიანებით განცხადებაც გავრცელდეს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას მონასტრის წინამძღვარი მიიღებს.

XS
SM
MD
LG