ბრიტანელი კანონმდებლები ემზადებიან გადამწყვეტი მნიშვნელობის კენჭისყრისათვის, რომელზეც მთავრობას გააქვს თავისი წინადადება ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობებზე.
თემთა პალატაში 15 იანვრის კენჭისყრა არის მორიგი ეტაპი „ბრექსიტის“ პროცესში და ბევრი პოლიტოლოგი მოელის მთავრობის გეგმის უარყოფას.
პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი კანონმდებლებს აფრთხილებს, რომ კენჭისყრაზე გეგმის უარყოფა ძირს გამოუთხრიდა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას.
კენჭისყრის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, „ბრექსიტის“ ბედი გაურკვეველი ხდება. ექსპერტების ვარაუდით, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლა ბრიტანეთის ეკონომიკისათვის ქაოსს მოასწავებს.
ევროკავშირში დარჩენის მომხრეები რეფერენდუმის ხელახლა გამართვას მოითხოვენ მას შემდეგ, რაც 2016 წლის რეფერენდუმში უმრავლესობა მიემხრო „ბრექსიტს“.