Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოსთვის მიუღებელია ჯვრის მონასტერთან გარევაჭრობა არსებული სახით


ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც. ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ განცხადების გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, რადიო თავისუფლებას საპატრიარქოში უთხრეს, რომ საპატრიარქოში ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობდა, რადგან 20 იანვრამდე საპატრიარქო ისვენებს: „20 იანვრამდე ვისვენებთ. ჯერჯერობით ჯვრის მონასტრის დაკეტვის შესახებ საპატრიარქოში არანაირი მსჯელობა არ მიმდინარეობს. განცხადება გაავრცელა ჯვრის მონასტრის საძმომ“.

ჯვრის მონასტერი 14 იანვარს დილით ტურისტებისა და მომლოცველებისათვის მონასტრის წინამძღვრის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. დაკეტვის მიზეზად დასახელდა მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა საქმიანობა. ამ დროისათვის უცნობია, როდის გაიხსნება მონასტერი. მიუხედავად ამისა, ტურისტები მონასტრის ტერიტორიაზე მოხვედრას შემოვლითი გზით, ღობეზე გადასვლით ცდილობენ.

XS
SM
MD
LG