რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტიმა პოლიტიკური პროექტი უწოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნას. „2018 წლის 15 დეკემბერს, უკრაინის ხელისუფლებამ, რომელსაც მხარს აქტიურად უჭერენ აშშ და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ჩაატარა ე.წ. გამაერთიანებელი კრება, მასზე გამოცხადდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა და 2019 წლის 6 იანვარს, პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა ტომოსს ავტოკეფალიის შესახებ“ - განაცხადა პუტინმა სერბულ გამოცემებთან ინტერვიუში. რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, ეს იყო უკრაინაში არსებული გათიშული თემების ლეგალიზაციის მცდელობა სტამბოლის იურისდიქციის ქვეშ, რაც მართლმადიდებლური კანონების უხეში დარღვევა. "თუმცა, ეს ნაკლებად აღელვებთ უკრაინის ხელისუფლებას და აშშ-ს, რადგან ახალი საეკლესიო სტრუქტურა მხოლოდ პოლიტიკური, საერო პროექტია და მისი მთავარი მიზანია რუსი და უკრაინელი ხალხის გაყოფა და არა მხოლოდ ეროვნული, არამედ რელიგიური შუღლის გაღვივება“ - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, შემთხვევითი არ იყო კიევის განცხადება მოსკოვისგან საბოლოო დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ.
პუტინის განცხადებითვე, რეალურად საუბარია არა სასულიერო ცხოვრებაზე, არამედ საშიშ და უპასუხისმგებლო პოლიტიკანობაზე. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საუბარი არ არის არც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობაზე, რადგან სინამდვილეში მას სრულად აკონტროლებს სტამბოლი. პუტინის შეფასებითვე, სრულიად დამოუკიდებელია უკრაინის უდიდესი, კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც მსოფლიო პატრიარქისთვის ავტოკეფალიისთვის არ მიუმართავს და კანონიკურ კავშირს ინარჩუნებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. პუტინის მტკიცებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებს და მრევლს დევნიან და ტაძრებს ართმევენ, რაც დაძაბულობას ზრდის და უკრაინის საზოგადოება მიჰყავს კიდევ უფრო დიდი განხეთქილებისკენ. პუტინის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ სხვის ტაძრებში მორწმუნეების ძალით შეყრას სერიოზული შედეგები ექნება, მაგრამ მზად არის კონფესიათაშორისი თანხმობა მსხვერპლად შეწიროს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას. „რა თქმა უნდა, რუსეთი არ აპირებს საეკლესიო პროცესებში ჩარევას, მით უმეტეს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რას საფრთხეს ქმნის, მათ შორის მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის, მსგავსი ექსპერიმენტები და რელიგიურ საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა“ - განაცხადა პუტინმა სერბულ გამოცემებთან ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე.