ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ორი დღის წინ ავტოავარიას ემსხვერპლა სამი ახალგაზრდის სიცოცხლე, საინიციატივო ჯგუფმა გამართა აქცია სახელწოდებით „დაარეგულირე სიცოცხლე“. აქციის მონაწილეები შსს-სა და საგზაო დეპარტამენტს მოუწოდებენ ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ 8 კილომეტრიან გზაზე დამონტაჟდეს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, კამერები და დაიდგას საგზაო ნიშნები: „კეთილი ინებეთ, შეიწუხეთ თავი და გაატარეთ რეალური პოლიტიკა, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა. დაარეგულირეთ ეს გზა, რადგან მსგავსი ტრაგედიებისგან ვიყოთ დაცული“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აკაკი საღინაძე.
აქციის მონაწილეთა თქმით, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოავარიები ხშირად ხდება. 14 იანვარს მომხდარ ბოლო შემთხვევას 19 წლის სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილი ღამის განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.