პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის ზედმეტსახელით მოჭიდავე ლევან გორგაძემ იანვრის ბაშოზე მონაწილეობა ნაადრევად შეწყვიტა. 2019 წლის სეზონის პირველ სუპერტურნირს ქართველი ოძეკი მძიმე ტრავმით შეხვდა - შეჯიბრების დაწყებამდე რვა დღით ადრე ბარძაყის კუნთი დაიზიანა. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოჩინოშინი ბაშოს გამოტოვებდა, მაგრამ მან კუნთის ბოლომდე გაწყვეტის რისკის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა დოჰიოზე ასვლა.
პირველსავე ტურში გამოჩნდა, რომ ლევან გორგაძეს ტრავმა ჩვეულად ჭიდაობაში ხელს უშლიდა, ფეხს ძალას ვერ ატანდა, მხოლოდ ხელებით ცდილობდა ბრძოლას და შედეგად, ზედიზედ ოთხი შეხვედრა წააგო.
სეზონის მეორე ბაშოს, რომელიც მარტში გაიმართება, ტოჩინოშინი კადობანით შეხვდება, რაც ნიშნავს, რომ თუ თხუთმეტი შეხვედრიდან მინიმუმ რვას არ მოიგებს, ოძეკის წოდებას დაკარგავს.