Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა


ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. სპორტსმენმა 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა.

ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ ჭიდაობის ფედერაციასთან, თუმცა არიან ხელმძღვანელობასთან დაახლოებულნი, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მის ძმას, რომელიც ფინალური შეხვედრისას მისი სეკუნდანტი.

„ამის შემდეგ კი უკვე თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაერია ჩხუბში და თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი“ - დაწერა ზურაბ დათუნაშვილმა. განცხადების ბოლოს კი მოქმედ და ვეტერან მოჭიდავეებს მოუწოდა, რომ ყველა ერთად დადგეს და მოითხოვონ, რომ გეგა გეგეშიძემ დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს. ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ჭიდაობის ფედერაცია წერილობით განცხადებას ამზადებს და სავარაუდოდ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებს.

ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციასთან კონფლიქტი ამ ინციდენტამდეც ჰქონია. 2018 წლის აგვისტოში ის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დაუპირისპირდა და საწვრთნელი შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვა, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან მაშინ თავი შეიკავა. ბოლო წერილში მან ის ამბავიც გაიხსენა და პროტესტის მიზეზად მწვრთნელთა არაობიექტური გადაწყვეტილება დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG