Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერაზე მომხდარ ფაქტზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალი საავადმყოფოში წაუყენეს

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. ადუაშვილს ბრალი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში განუმარტეს. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. ბრალი წარუდგინეს ასევე ადუაშვილის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული. დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, 18 იანვარს იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გიორგი ადუაშვილმა, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გიორგი ადუაშვილი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG