Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკმა წაშალა სპუტნიკთან დაკავშირებული ასობით გვერდი

ფეისბუკმა წაშალა ასობით გვერდი და ანგარიში, რომლებიც თავს წარმოადგენდნენ როგორც დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, სინამდვილეში კი რუსეთის სახელმწიფო მედიასთან, სპუტნიკთან იყვნენ დაკავშირებული.

გაუქმებულ ანგარიშებს შორისაა ისეთი გვერდები, როგორიცაა:

  • საქართველო და რელიგია;
  • დღეს მოლდოვაში - ქვეყნის მთავარი ამბები;
  • საNATOრიუმი ლატვიაში;
  • ღამე მშვიდობის, ბელარუსო;
  • ბალტია და რუსეთი: მეგობრები თუ მტრები?;
  • პროტესტი რუმინეთში.

ფეისბუკის განცხადებით, 364 გვერდი და ანგარიში კოორდინირებულად მოქმედებდა და გამუდმებით ავრცელებდა NATO-ს საწინააღმდეგო პოსტებს.

ფეისბუკის მიერ დაბლოკილი კონტენტი
ფეისბუკის მიერ დაბლოკილი კონტენტი

​რუსულ დეზინფორმაციულ ქსელში ჩართულ გვერდებს მიზანში საქართველოსთან ერთად სომხეთი და აზერბაიჯანი, ბალტიისა და ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები ჰყავდათ ამოღებული.

ამ გვერდებს და ანგარიშებს:

  • ჰყავდა დაახლოებით 790 000 გამომწერი;
  • 2013 წლიდან დღემდე რეკლამაზე დახარჯეს 135 000 დოლარი;
  • შექმნეს დაახლოებით 190 ფეისბუკ ღონისძიება

ფეისბუკის ცნობით, ეს ინფორმაცია უკვე გაუზიარეს აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს, აშშ-ს კონგრესს, სხვა პარტნიორ კომპანიებს.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის სამართლადამცავი ორგანოების რჩევით, დამატებით წაშალა რუსეთში შექმნილი107 ფეისბუკ გვერდი, ჯგუფი და ანგარიში , ასევე 41 ინსტაგრამის ანგარიში, რომლებიც მოქმედებდნენ უკრაინაში.

“ისინი (სპუტნიკის) მსგავს სტრატეგიას იყენებდნენ, ქმნიდნენ ანგარიშების ქსელებს და შეცდომაში შეჰყავდათ მომხმარებლები”, - განაცხადა ფეისბუკმა.

"სპუტნიკი", რომელიც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “Rossiya Segodnya-ს” დაფუძნებული მედიაა, გამოეხმაურა ფეისბუკის განცხადებას და ანგარისების გაუქმებას პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება და ცენზურა უწოდა.

ფეისბუკს ორი წელია მოუწოდებენ, შექმნას პროპაგანდასთან ბრძოლის მექანიზმები.

XS
SM
MD
LG