Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 იანვრის საღამოდან წითელას აცრა უფასო გახდება


მთავრობის 18 იანვრის სხდომაზე გავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, გარკვეული ადამიანებისთვის წითელას ვაქცინაციაზე არის თანაგადახდა, თუმცა, დღეს საღამოდან ის ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის.

„გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე შეიძლება საჭირო იყოს ამ წუთის მდგომარეობით გარკვეული თანაგადახდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა, დღეს მთავრობის სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი, შევიტანთ ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც აბსოლუტურად მიწვდომადს გავხდით უკვე დღეს საღამოდან ყველასთვის წითელას აცრას“, - განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუკი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ჩაიტარონ ვაქცინაცია კვლავ, რადგან მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

დაავადეთა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში წითელას, მწვავე ვირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებაა.

XS
SM
MD
LG