Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზის აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენეს


„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს ბრალი წაუყენეს. ადვოკატ თამარ ჯაფარიძის თქმით, დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. „ჩვენ ვითხოვთ, აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახეობა არ იქნეს გამოყენებული და ალტერნატივის სახით, მათ გირაო შეეფარდოთ“, - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეული აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზ - თბილისის” ორი თანამშრომელი 18 იანვარს დააკავეს. გამოძიების თანახმად, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე სწორედ თორნიკე ტატიშვილი და ვაზელ მამადიანი მივიდნენ ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სადაც ადგილობრივებს გაზის სუნი აწუხებდათ.

ადვოკატის თქმით, მცდარია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ტატიშვილმა და მამადიანმა კორპუსის გაზგაყვანილობა ჯეროვნად არ შეამოწმეს და გულგრილობა გამოიჩინეს. 16 იანვარს მომხდარმა აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG