Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის გამარჯვებულ ეზოში ქანდაკებებია გამოფენილი

პროექტ „დავასუფთავოთ საქართველოს“ კონკურსის ნომინაციაში - „კორპუსის ეზო“ გამარჯვებულად დასახელდა ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე მდებარე ეზო. გამარჯვებულ ეზოში მოქანდაკე მიხეილ ფიფიას მიერ ბეტონის ქანდაკებები, ცხოველები და ფრინველებია განთავსებული.

კონკურსის თანახმად, სისუფთავე მთავარი კრიტერიუმი იყო. თუმცა „ზუგდიდდასუფთავების“ ხელმძღვანელის, ნუგზარ მალაშხიას განცხადებით, ამ ეზოს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა მიხეილ ფიფიას ნამუშევრებმაც. როგორც მალაშხიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, კონკურსის ფარგლებში ზუგდიდში რამდენიმე კორპუსის ეზო შეარჩიეს, თუმცა 25-კაციანმა ჟიურიმ საბოლოოდ სწორედ ეს კონკრეტული ეზო შეარჩია.

კონკურს „სუფთა რეგიონის“ გამარჯვებულთა დაჯილდოვება 19 იანვარს, თბილისის საკრებულოში გაიმართა. „კორპუსის ეზოს“ გარდა, ზუგდიდმა კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. ზუგდიდი უკვე მეორედ დასახელდა „ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად“; ხოლო ქალაქმა ზუგდიდმა „ყველაზე სუფთა ქალაქის“ სტატუსი მიიღო.

პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტთან თანამშრომლობენ მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი და ასევე, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

XS
SM
MD
LG