ბელორუსი მოდელი, რომელიც აცხადებდა, რომ ჰქონდა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელი მასალები, ბოდიშს უხდის რუს ოლიგარქს და აცხადებს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ბრალდებებში. ანასტასია ვაშუნკევიჩმა, რომელსაც ასევე ნასტია რიბკას სახელით იცნობენ, მოსკოვის ნაგატინსკის რაიონის სასამართლოში ჟურნალისტებს უთხრა, "უდანაშაულო ვარ ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებებშიო" და დასძინა, რომ ზიანს არ მიაყენებს რუს მილიარდერ ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას. ვაშუნკევიჩი უწინ ამბობდა, რომ ჰქონდა აუდიოჩანაწერი, რომელზეც დერიპასკა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ლაპარაკობდა. სასამართლომ ვაშუნკევიჩის პატიმრობა კიდევ სამი დღით, 22 იანვრამდე გააგრძელა იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს გამოძიება ვაშუნკევიჩის და მისი ახლობლის, ალექსანდრ კირილოვის პროსტიტუციაში ჩართულობის შესახებ. "მეგობრებო, გთხოვთ გადასცეთ ჩემი ბოდიში ოლეგ დერიპასკას და [რუს პოლიტიკოსსა და ყოფილ ვიცე-პრემიერ] სერგეი პრიხოდკოს" - უთხრა ვაშუნკევიჩმა ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზში და დასძინა: "ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა. გულწრფელად მრცხვენია მომხდარის. არ მინდა ვითარება კიდევ უფრო დავძაბო და პირადად ვუხდი ბოდიშს ოლეგს. ეს ყველაფერი მისი პირადი ყურადღების მოპოვებას ემსახურებოდა. სხვა არავისი, მხოლოდ მისი". ვაშუნკევიჩი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს ტაილანდიდან დეპორტაციის შემდეგ. იქ მან დაახლოებით ცხრა თვე გაატარა პროსტიტუციასთან დაკავშირებული ბრალდებებით.
რუსეთში დაკავებული, პოლიტიკური განცხადებებით ცნობილი ბელორუსი მოდელი აცხადებს, რომ უდანაშაულოა