Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრი: ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა


მიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი

დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. საშობაო არდადეგები გასული კვირის დასაწყისში უნდა დამთავრებულიყო, თუმცა, გრიპის ვირუსის გამო სასაწავლო პროცესის განახლება ერთი კვირით გადაიდო. განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ ვირუსების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჰიგიენას და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებას. ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში არსებულ მდგომარეობას ყოველდღიურად დააკვირდებიან და თუ დამატებითი ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, სამინისტრო გადაწყვეტილებას უსწრაფესად მიიღებს.

„სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულნი სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან და ნებისმიერ საფრთხის შემთხვევაში წამიერად მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება. გვესმის, რომ სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ, წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, ვივლით სკოლებში, ვნახავთ პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტრო "კიდევ ერთხელ მოუწოდებს სკოლებს, საკლასო ოთახები და დერეფნები დალაგდეს სველი წესით, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.“

XS
SM
MD
LG