Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მართლმსაჯულების გადასარჩენად“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სასამართლო სისტემაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო, სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილის საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორები ხელს მოაწერენ მანიფესტს, მართლმსაჯულების გადასარჩენად.

როგორც "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტის" იურისტმა სოფო ვერძეულმა განაცხადა, ამ აქციაზე არის ყველა ვინც უერთდება მოთხოვნებს და მანიფესტს. მთავარი მოთხოვნა არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომა, რომლებმაც ხმა მისცეს და კენჭი უყარეს მოსამართლეთა იმ სიას, რომელიც პარლამენტმა უვადოდ უნდა დანიშნოს, მთავარი მოთხოვნაა ასევე ის, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი არ განახლდეს სანამ საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება და ის წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს კანდიდატებს არ დატოვებენ თანამდებობებს.

„ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ არსებობდა კრიტერიუმებიც, არსებობდა პროცედურაც, თუმცა ლევან მურუსიძე აღმოჩნდა ყველაზე ღირსებული, ყველაზე კეთილსინდისიერი და ყველაზე კომპეტენტური მოსამართლე ამ ქვეყანაში და საბჭოს 11 წევრი ცდილობს ამ საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ მიხეილ ჩინჩალაძეზე და ლევან მურუსიძეზე უფრო კომპეტენტური იურისტი ამ ქვეყანას არ ჰყავს და ისინი იმსახურებენ, რომ იყვნენ უვადოდ დანიშნული მოსამსართლეები. ეს არის პროტესტის საფუძველი და მიზანი არის ის, რომ საბჭოს შეადგენლობა განახლდეს და სანამ ეს არ მოხდება პარლამენტის მხრიდან არანაირი კრიტერიუმების და პროცედურების დადგენას აზრი არ აქვს“, -განაცხადა სოფო ვერძეულმა.

​აქციაში მონაწილეობას იღებენ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, „სასამართლო შეუქცევადად კარგავს რეპუტაციას და შანსს, რომ ახლო მომავალში მაინც მოიპოვოს რეალური დამოუკიდებლობა. უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია. მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ხელისუფლების მხარდაჭერისა და არასწორი პოლიტიკის შედეგად, ახერხებს დაეპატრონოს მართლმსაჯულებას და მოუსპოს მას განვითარების შანსი.”

აქციის ორგანიზაატორები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ და სასამართლო სისტემამ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლოს.

XS
SM
MD
LG