სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. „ევროპული საქართველოს, „ძალა ერთობაშიას“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც, ისინი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს, მერის შეცვლას სთხოვენ.
"ქართული ოცნების" მავნებლურ პოლიტიკას, რამაც დააკარგვინა ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ემატება ის რომ ვერც ერთი დაანონსებული პროექტი ვერ დაიწყო. ერთადერთი -თეთრი ხიდია.თქვენ ხედავთ რა დამართეს ისტორიულ ხიდს.ჩვენი მოთხოვნაა ეს ადამიანი სასწრაფოდ ჩამოაშორდეს ქუთაისის მმართველობას", - განაცხადა მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის სამსონ გუგავას თქმით, ყველა განხორციელებულ პროექტს ხარვეზები აქვს.
"ქალაქში განხორციელებული ყველა პროექტი არის ნაკლოვანი, ქუთაისს სჭირდება ნორმალური, ქმედითი და არა კომიკური ხელისუფლება".
„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით გოგისვანიძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ჩამოაშოროს არსებული გუნდი მმართველობას.
„ქუთაისში ყვავის კორუფცია, უპასუხისმგებლობა და ნეპოტიზმი. ჭიღვარიამ უნდა დაწეროს განცხადება და ქუთაისის მოსახლეობას მისცეს საშუალება აირჩიოს ღირსეული მერი. არც ერთი გუნდის დროს ქალაქი ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ ყოფილა. ჩვენ მივმართეთ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისს, ჩამოაშორონ ეს გუნდი მმართველობას. „ოცნებისათვის“ ახალი არჩევნების ჩატარება რისკია, თუმცა რისკია ამ გუნდის ქალაქის ხელისუფლებაში დატოვებაც,“ - აღნიშნავს დავით გოგისვანიძე.
ოპოზიციის მოთხოვნას მერის გადადგომის შესახებ გამოეხმაურა თავად გიორგი ჭიღვარია, რომლის თქმითაც, ის არჩეული მერია და თავის გუნდთან ერთად ამომრჩევლის დაკვეთას ასრულებს.
„ქუთაისი უნდა იყოს ერთ-ერთი წარმატებებული ქალაქი, ისინი ხედავენ ამას და მათ არ აწყობთ ეს, რადგან მათ არ სტკივათ ჩვენი ქალაქი. 2018 წელს 141 ობიექტი დავასრულეთ და გვაქვს სერიოზული გეგმები 2019 წელს,“- განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, გიორგიჭიღვარიას იმპიჩმენტის მოთხოვნით, კონსულტაციების გამართვას გეგმავენ.