თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაა ვაკის პარკში სასტუმროს ასაშენებლად 2013 წელს გაცემული ნებართვის გამო. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი არ თანხმდებიან არც ადგილმონაცვლეობას და არც პარამეტრების შემცირებას.
„ორი ბრძანება იყო სასამართლოში გასაჩივრებული. ერთი იყო სპეცნებართვა 2013 წელს გაცემული, რომელიც გიგი უგულავამ გასცა. ამის საფუძველზე იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა ვადიანი, რომელსაც ეს ვადა ამოეწურა. ეს ადამიანი აცხადებს, რომ ხელში უჭირავს უვადო სპეცნებართვა და მის საფუძველზე ეკუთვნის მშენებლობის ნებართვა მაშინ, როდესაც ამას მოითხოვს. გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება, თუ ეს კომპანია გააკეთებს მომართვას. გუშინ, მედიაშიც და სოციალურ ქსელშიც იყო საუბარი, რომ ნებართვას ვადა აქვს გასული, მაგრამ ნებართვა რის საფუძველზეც გაიცა, ეს არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს გამოსცა იმდროინდელმა მერმა და რომელიც დღესაც ძალაშია. ამის საფუძველზე მას აქვს უფლება მოითხოვოს 30-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად ნებართვის გაცემა. „ეს არის ის საკმაოდ მძიმე ვითარება, რომელიც მერიას შეექმნა და ახლა ყველაფერს ვცდილობთ, რომ არ დავუშვათ“ - განაცხადა ხმალაძემ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის“ საჩივარი ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნინო გუჯარაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად: ძალაში დარჩა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება, რომლითაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით დამტკიცდა სპეციალური ზონალური შეთანხმება და არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
ვაკის პარკში, სასტუმროსთვის გამიზნული 2863.00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე კომპანიების სახელები წლების განმავლობაში იცვლებოდა: „გრაალი“ „აგრო ლენდ ჯორჯიამ“ შეცვალა და ბოლო პერიოდამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებში „ტიფლის კოსტავა“ ფიგურირებს.