ლიეტუვა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა ვილნიუსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ისაუბრეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმაც. მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს მხარდაჭერას საქართველოს არჩევანისა, შექმნას ღია, დემოკრატიულ და სამართლებრივ საფუძველზე დამყარებული აყვავებული სახელმწიფო. საულიუს სკვერნელისმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელებას და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ლიდერობის შენარჩუნებას.