Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეი ჰუნკო: საქართველოში არჩევნებზე უპირატესობით სარგებლობდა ერთი მხარე


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის, გერმანიის წარმომადგენელ ანდრეი ჰუნკოს შეფასებით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 28 ნოემბრის ტურის წინ ერთი მხარე სარგებლობდა გაუმართლებელი უპირატესობით და კამპანიის „ნეგატიური ხასიათი“ ძირს უთხრიდა პროცესს.

ეს შეფასებები ჰუნკომ, რომელიც არის მომხსენებელი საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, გამოთქვა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე. 21 იანვარს გაიხსნა საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია.

თავის გამოსვლაში ჰუნკომ ახსენა „ტექნიკურ კანდიდატებად“ წოდებული პირები - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები, რომლებიც არა საკუთარი თავის, არამედ სხვა კანდიდატების სასარგებლოდ აწარმოებდნენ კამპანიას, საამისოდ იყენებდნენ მედიაში გამოყოფილ დროსა და ბიუჯეტის ფულს.

ჰუნკოს, დაახლოებით, ოთხწუთიან გამოსვლაში ნახსენები იყო ასევე ცალკეული ძალადობრივი ინციდენტები, ადმინისტრაციული რესურსებით ბოროტად სარგებლობა, ისევე როგორც მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო გამყოფი ხაზის არარსებობა, რაც მიმართულია ევროსაბჭოს სტადნარტების წინააღმდეგ.

პრობლემურად შეფასდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაც და ის გარემოება, რომ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები არ ასახავს GRECO-ს, ანუ ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის რეკომენდაციებს.

ჰუნკომ დამსწრეებს შეახსენა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში აკვირდებოდა ყველა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს 1995 წლის შემდეგ.

ჰუნკო არის ევროპელ გაერთიანებულ მემარცხენეთა ჯგუფის (UEL) წევრი.

XS
SM
MD
LG