Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი უფლებას იტოვებს საპასუხო ზომებით გამოეხმაუროს ევროკავშირის ახალ სანქციებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას მხარი დაეჭირათ რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებისთვის. სამინისტრო აცხადებს, რომ მოსკოვი "უფლებას იტოვებს მიიღოს საპასუხო ზომები, ამ არამეგობრულ ნაბიჯთან დაკავშირებით". ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სანქციების შემოღებას რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორი მაღალჩინოსნის და კიდევ იმ ორი მამაკაცის მიმართ, რომლებიც ბრიტანეთში ეჭვიმიტანილი არიან ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის ნერვული ნივთიერებით მოწამვლაში. მინისტრებმა 21 იანვარს ბრიუსელში დაუჭირეს მხარი ქონების გაყინვას და ვიზის გაცემის აკრძალვას რუსეთის ოთხ და სირიის ხუთ მოქალაქეზე, ისევე, როგორც სირიის ერთ უწყებაზე, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ქიმიური იარაღით თავდასხმებში იყო ჩართული. სანქციები დაწესდა სირიის მთავრობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ომში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების, და 2018 წლის მარტში ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის ყოფილი აგენტის, სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის გამო. სანქციები შეეხო რუსეთის სამხედრო დაზვერვის, იგივე "გრუს" ხელმძღვანელ იგორ კოსტიკოვს, მის მოადგილეს, ვლადიმირ ალექსეევს და გრუს ორ სავარაუდო აგენტს, რომლებიც ბრიტანეთში ეჭვმიტანილები არიან მოწამვლის განხორციელებაში. ეს ორი ეჭვმიტანილი ბრიტანეთში ჩავიდა პასპორტებით, რომლებიც გაცემული იყო "ალექსანდრ პეტროვის" და "რუსლან ბოშიროვის" სახელებზე, მაგრამ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანიზაციამ, Bellingcat-მა, მათში ამოიცნო ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, ამასთან, ორგანიზაციამ მოიპოვა ინფორმაცია ამ ორი პირის გრუსთან კავშირების შესახებ. ორივე მამაკაცი უარყოფს გრუსთვის მუშაობას და სკრიპალის მოწამვლაში მონაწილეობას, თუმცა აღიარებს, რომ იმ დროს სოლსბერიში იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG