დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციას მართავს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაწილი. სპორტსმენები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ.
გვიან ღამით საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ფედერაციის პრეზიდენტის მხარდამჭერი სპორტსმენების შეკრების შესახებ.
22 იანვარს, საღამოს შინაგან საქმეთა სამინისიტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავა, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ძალადობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“ ჩატარდა და დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, გეგა გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება.