Accessibility links

site logo site logo

ხინჩეგაშვილი: იმედია, გეგეშიძეს მისცემენ საშუალებას, დაუბრუნდეს ჭიდაობის ფედერაციას


ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეუერთდა აქციას, რომელიც სპორტსმენებმა 22 იანვარს გამართეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოსთან. ხინჩეგაშვილმა განაცხადა, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დაკავების გამო სპორტსმენები იძულებულნი გახდნენ სავარჯიშო დარბაზები მიატოვონ და გეგეშიძის გასათავისუფლებლად იბრძოლონ.

„დღეს რომ აქ ამდენი ხალხი შევიკრიბეთ, დამიჯერეთ, არავის გვსიამოვნებს. ახლა, წესით, უნდა ვისვენებდეთ და მოსამზადებელი გეგმა არ უნდა დავარღვიოთ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის. იწყება ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლა. ასეთ რეალობაში კი მუშაობას და წარმატებების მოპოვებას ვერაფრით შევძლებთ. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთმა მოჭიდავემ მეორე ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანოს. იმედია მალე მორჩება ეს გაუგებრობა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს მისცემენ საშუალებას დაუბრუნდეს თავის ოჯახს, ანუ დაგვიბრუნდეს ჩვენ“, - თქვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სამართალდამცავებმა თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბის გამო 22 იანვარს დააკავეს. ინციდენტი 11 იანვარს მოხდა და ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა გეგა გეგეშიძე მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მოგვიანებით სპორტსმენის სიტყვების დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერიც გავრცელდა და საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა. გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა დაკითხვის შემდეგ დააკავეს და დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. დღესვე იგეგმება მოჭიდავეთა მორიგი აქცია ვაკის ფალავანთა კლუბთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG