ავღანეთის უშიშროების მთავარი სააგენტოს განცხადებით, მოკლულია თალიბი მეთაური, რომელმაც დაგეგმა ავღანეთის სამხედრო ძალებზე ამ კვირაში მოწყობილი თავდასხმა. ვარდაკის პროვინციაში მდებარე მაიდან შაჰრში სამხედრო ბაზაზე 21 იანვრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი.
უშიშროების ეროვნული სამმართველოს განცხადებით, თალიბების მეთაური, ნომანი, მოკლეს 22 იანვრის საღამოს საჰაერო დარტყმის შედეგად.
თალიბანის წარმომადგენლები ჯერ არ გამოხმაურებიან ამ ცნობას.
ავღანეთის უშიშროების ეროვნული სამმართველოს მონაცემებით, 21 იანვრის დილას თავდასხმის შედეგად დაიღუპა 36 და დაიჭრა 58 ადამიანი. სხვა ოფიციალური უწყებები, სულ ცოტა, 70 მოკლულზე საუბრობენ.