Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო კვლავ მე-16 ადგილზეა მსოფლიოში - ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 0.3 პუნქტით შემცირდა

ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენმა” გამოაქვეყნა ახალი კვლევა „ეკონომიკური თავისუფლების 2019 წლის ინდექსი“, რომელშიც მსოფლიოს 186 ქვეყანა 12 სხვადასხვა კრიტერიუმით არის შეფასებული.

„რეიტიგნი მოწმობს, რომ ყველაზე საუკეთესო ეკონომიკური შედეგები მიიღწევა რეფორმების ისეთი პოლიტიკით, რომელიც ზღუდავს მთავრობის მასშტაბებს და გზას უხსნის დიდ ეკონომიკურ დინამიზმს კერძო სექტორში“, - ნათქვამია ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიშის პრეამბულაში.

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს 75,9%-ით კვლავ მე-16 ადგილი უჭირავს. მაგრამ ქვეყნის საერთო ბალანსი შემცირდა 0,3%-ით „სასამართლოს სისტემის ეფექტურობის კლების“ შედეგად.

კონკრეტულად ამ კატეგორიაში 2019 წლის ინდექსით საქართველომ ყველაზე საგრძნობი კლება განიცადა, შარშანდელთან შედარებით 10%-ი და, ამ მაჩვენებლით, „მეტწილად არათავისუფალ“ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა.

საქართველომ ასევე ნაკლები ქულები დაიმსახურა „კეთილსინდისიერი მთავრობის“ ინდექსის თანახმად. ამ კატეგორიაშიც მისი რეიტინგი „მეტწილად თავისუფალიდან“ შეიცვალა „მეტწილად არათავისუფალით“.

”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” კვლევის თანახმად საქართველოში შარშანდელთან შედარებით ოდნავ გაუარესდა ვითარება კაპიტალის თავისუფლებისა და შრომის თავისუფლების მიხედვით. ეს მაჩვენებელი 76,6%-ის ნიშნულზეა შარშანდელ 77,3%-თან შედარებით.

ამასთან, საქართველომ ოდნავ წინ წაიწია საკუთრების უფლებების, საგადასახადო ტვირთის და სამთავრობო ხარჯების რეიტინგში. ქვეყანას კვლავ სტაბილურად მაღალი რეიტინგი აქვს და „მეტწილად თავისუფალს“ უახლოვდება ფინანსების, ბიზნესისა და ინვესტიციების თავისუფლების მხრივ.

საბოლო ჯამში, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველოს ევროპის რეგიონის 44 ქვეყანაში მე-8 ადგილზეა, რაც მსოფლიოსა და რეგიონში საშუალოზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით უსწრებს მხოლოდ ესტონეთი, რომელიც მე-15 ადგილზეა.

ლიდერთა ათეული კი ასე გამოიყურება: ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ავსტრალია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამირო, ტაივანი და ისლანდია.

XS
SM
MD
LG