თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილს და ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას. ივანეიშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით ქრთამის აღება, ხოლო ჩოჩუას ქრთამის აღებაში დახმარება. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ რომან ხორავამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ზომად პატიმრობის გამოყენების შესახებ. თავის მხრივ, ადვოკატები ითხოვდნენ ივანეიშვილისთვის 400 000, ხოლო ჩოჩუასთვის 100 000 ლარის გირაოს შეფარდებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუს) გრიგოლ ივანეიშვილი 25 იანვარს, ხოლო თეიმურაზ ჩოჩუა 26 იანვარს დააკავა. არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც წყალტუბოში საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული, ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს დაპირდა შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და შესყიდვაში დახმარებას და სანაცვლოდ მოთხოვა 250 000 ლარის ქრთამის გადახდა. სუს-ის ცნობითვე, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იანი წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის აღებაში.
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე გრიგოლ ივანეიშვილმა განაცხადა, რომ დამნაშავე არ არის და დადგება დრო, როცა ყველაფერი გაირკვევა. ივანეიშვილმა მოსამართლეს დაუდასტურა, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებამდე ბიზნესმენი იყო. მისივე მტკიცებით, თანამდებობა, რომელიც მისთვის ტვირთი იყო, არასდროს გამოუყენებია და ზემოქმედება არავიზე მოუხდენია. „მთელი მუნიციპალიტეტი მოწადინებული იყო ეს ქონება გაყიდულიყო, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა შესულიყო. ბოლო 3 თვის განმავლობაში ეს ობიექტი ორჯერ იყო გასაყიდად გატანილი, ორივეჯერ იგივე თანხად" - განაცხადა გრიგოლ ივანეიშვილმა. რაც შეეხება თეიმურაზ ჩოჩუას, მისი მტკიცებით, ორი წელია მასზე მიმდინარეობს შეტევა და ზეწოლა ვითომდა ინვესტორების მონაწილეობით, რომლებიც სახლში კონვერეტებითაც კი აკითხავდნენ. ჩოჩუას თქმით, წლის განმავლობაში მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას იჩენდა კომპეტენციიისა და უფლებამოსილების ფარგლებში. „რაც შეეხება, ჩემ დახმარებას ამ პროცესში, მინდა საზოგადოებამაც იცოდეს, ამ პროცესის ბოლო ეტაპზე მხოლოდ ხელს ვუშლიდი ამ პროცესის წარმოებას. ამიტომ გავემგზავრე სპეციალურად თბილისიდან. ვიცოდი რომ ინვესტორი ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია, ამის გამოცდილება მაქვს. მე რომ მცოდნოდა, ამ ისტორიაში ფუგირირებდა თანხის ჩარიცხვა, ამის გაგებიდან პირველივე წუთში ჩემს ხელმძღვანელსა და საგამოძიებო ორგანოს საქმის კურსში ჩავაყენებდი“ - განაცხადა თეიმურაზ ჩოჩუამ. მისივე თქმით, ყოველთვის კანონის მიხედვით ცხოვრობდა. „მინდა იცოდეთ, რომ მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ არც მორალურად და არც ფიზიკურად. მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით", - თქვა თეიმურაზ ჩოჩუამ მოსამართლის მიერ აღკვეთის ზომად პატიმრობის შეფარდებამდე.