Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა მოძრაობა მოითხოვს დასრულდეს ქალების პირადი ცხოვრებით მანიპულირება


საქართველოს ქალთა მოძრაობამ მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა ქალს, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მსხვერპლი გამხდარა.

„ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელება. ამ მხრივ, განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან. პატრიარქალური სისტემა და ქალთმოძულე კულტურა ამგვარად სჯის პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს, ხოლო მათ, ვისაც პოლიტიკაში მოსვლა სურს - აშინებს. პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია“ - ნათქვამია ქალთა მოძრაობის განცხადებაში. მოძრაობა აღნიშნავს, რომ მსგავსი საფრთხე არ ექმნებათ ჰეტეროსექსუალ კაც პოლიტიკოსებს, მათი სექსუალური ცხოვრება არათუ დაგმობილი, არამედ კულტურულად წახალისებული და აღიარებულია და შესაბამისად, სექსი მათთვის არც ბარიერია, არც შანტაჟისა და დაშინების წყარო და არც დისკრედიტაციის საფრთხე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პატრიარქალურ სისტემაში გაბატონებულ უთანასწორობასა და მასზე მიბმულ ორმაგ მორალურ სტანდარტებზე.

ქალთა მოძრაობის განცხადებით, ქალების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების შემთხვევები შემაშფოთებლად მატულობს. მოძრაობა გმობს მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. „ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას. პირადი და სექსუალური ცხოვრების უფლება ადამიანის უფლებაა. ქალებს, მათ შორის, პოლიტიკოს ქალებს, აქვთ სექსი საქართველოში. სექსი ქალების პოლიტიკიდან განდევნის იარაღი აღარ უნდა იყოს! ქალების პირადი ცხოვრებით მანიპულირება უნდა დასრულდეს” - ნათქვამია ქალთა მოძრაობის განცხადებაში. 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სოციალური ქსელებით გავრცელდა სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG