Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გმობს ვენესუელაში მიღებულ გადაწყვეტილებას გუაიდოს მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ

კარაკასი, 2019 წლის 27 იანვარი: ხუან გუაიდო საკვირაო მესის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას
კარაკასი, 2019 წლის 27 იანვარი: ხუან გუაიდო საკვირაო მესის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას

აშშ გმობს ვენესუელის გენპროკურატურის გადაწყვეტილებას, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს წინააღმდეგ. 23 იავარს გუაიდომ თავი გამოაცხადა ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად.

აშშ-ის რეაქციის შესახებ ტვიტერში დაწერა აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა. ის სერიოზული შედეგებით დაემუქრა ძალებს, რომლებიც შეეცდებიან დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსისათვის ზიანის მიყენებას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვენესუელის გენერალურმა პროკურორმა უილიამ სააბმა უზენაეს სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია გამოძიების შესახებ. გენპროკურორის განმარტებით, გამოძიება უკავშირდება ბოლო დღეების ძალადობას.

გუაიდო ამბობს, რომ ნიკოლას მადურო, რომელიც თავს მიიჩნევს შარშანდელი მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ვერ ასრულებს სახელმწიფოს ლიდერის მოვალეობებს, ამიტომ საჭიროა ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

გუაიდო გარდამავალ პრეზიდენტად უკვე აღიარეს ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანამ, აშშ-მა, ისრაელმა, საქართველომ და სხვებმა. ევროკავშირის ქვეყნები ასევე აპირებენ გუაიდოს პრეზიდენტად ცნობას, თუ ვენესუელაში უახლოეს მომავალში არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

მაგრამ მადუროს მხარდამჭერებიც ჰყავს - რუსეთის, ჩინეთის, ირანის, მექსიკის, კუბის, თურქეთისა და სალვადორის ლიდერების სახით.

XS
SM
MD
LG