Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე შიო: სამწუხაროდ განწყობაა რომ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ასოცირდებოდეს რუსულ გავლენასთან


მიტროპოლიტი შიო
მიტროპოლიტი შიო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ძალიან კონსტრუქციული უწოდა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრას და მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიის მიმართ კორექტული მიდგომისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იმიტომ, რომ ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან იმისთვის, რომ დაგვარწმუნონ მივიღოთ ესა, თუ ის გადაწყვეტილება“ - უთხრა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა შიომ. პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქო სრული გაგებით ეკიდება საქართველოს ეკლესიის ამ ეტაპზე აუჩქარებელ პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართ. მეუფე შიოს თქმით, სინოდის სხდომაზე, რომელიც გასული წლის ბოლოს გაიმართა, გადაწყდა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი განიხილება შემდეგ სხდომაზე, რადგან არსებობს ბევრი დეტალი და შეკითხვა, რასაც მუშაობა სჭირდება. მიტროპოლიტმა ვერ დაასახელა სინოდის შემდეგი სხდომის თარიღი.

შეკითხვას, რამდენად ახდენს პროცესზე გავლენას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი რუსეთის ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება, მეუფე შიომ უპასუხა: „სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი განწყობები, რომ ჩვენი პოზიცია ამჟამინდელი რაღაცნაირად ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა. სინამდვილეში, დღეს თქვენ მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ჩვენ პოზიციას.“ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე ამბობს, რომ რუსეთის ეკლესიის პოზიცია საქართველოს ეკლესიისთვის შემაფერხებელი ფაქტორი ნამდვილად არ არის. „ჯერჯერობით როგორც ჩანს, ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან“ - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ. მედიის შეკითხვას, როგორ შეაფასებს იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერას, მეუფე შიომ უპასუხა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ისტორიაში ყოველთვის ასე იყო, რომ ვიღაც მხარს უჭერს, ვიღაც წინააღმდეგია და ვიღაც თავს იკავებს, ამიტომ დრო სჭირდება. „მსოფლიო საპატრიარქო ენდობა მისი უწმინდესობის სიბრძნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ეკლესიამ შემდგომში“ - განაცხადა პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG