Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საელჩო: ყაზბეგის შესახებ მედოევის ინტერვიუ პრორუსულ გერმანულ გამოცემაში გამოქვეყნდა


დიმიტრი მედოევი
დიმიტრი მედოევი

საქართველოს საელჩომ გერმანიაში განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რეჟიმის წარმომადგენლის, დიმიტრი მედოევის ინტერვიუს გამო, კომუნიკაცია ჰქონდა გერმანულ გამოცემა „ნოიეს დოიჩლანდთან,“ რომელსაც მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის სამართლებრივი სტატუსის შესახებ. ამ გამოცემასთან ინტერვიუში მედოევი აცხადებს, რომ ყაზბეგი „ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს წარმოადგენს, ეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი ხელმძღვანელობის მკაფიო პოზიციაა და ადრე თუ გვიან ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება.“

საქართველოს საელჩოს განცხადებაში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი დავიდ ნოაკი სტატიებს აქვეყნებს ძირითადად, მემარცხენე ორიენტაციის გამოცემებში და 2012 წლიდან არის ორგანიზაცია „რუსეთის ხალხების ბერლინელი მეგობრების“ წევრი და აქტიური მხარდამჭერი. საელჩოს ინფორმაციით, თავად გამოცემა „ნოიეს დოიჩლანდი“ დაბალტირაჟიანი მედიასაშუალებაა და სხვადასხვა უწყების მიერ მიჩნეულია გამოცემად, რომელიც აშკარად ავლენს მემარცხენე-რადიკალურ მიდრეკილებას. საქართველოს საელჩოს ცნობითვე, ამ გამოცემის სტატიები გამოირჩევა რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით და ძირითადად, გაჟღერებულია მოსაზრებები, რომლებიც ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და ჰეგემონურ დამოკიდებულებას პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ.

XS
SM
MD
LG