საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი.
ამის შესახებ განაცხადა მან 6 თებერვალს, განათლების რეფორმის შემაჯამებელ წარდგენაზე, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში გაიმართა.
მისივე თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და მათ სასკოლო სივრცეში ინტეგრაციას.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, განათლების ახალი რეფორმა უზრუნველყოფს სკოლების კეთილმოწყობასა და აშენება-რეაბილიტაციას:
„არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ელიტური და პრესტიჟული სკოლები, ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული“.
განათლების რეფორმის თანახმად, მისი ერთ-ერთი ფუნდამენტი უნდა იყოს სკოლებში ძალადობისაგან თავისუფალი გარემო.