Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პროკურატურა სწავლობს რუსეთის მოქალაქის საექსტრადიციო დოკუმენტებს


საქართველოს გენერალურ პროკურატურაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ მიმდინარეობს რუსეთის მოქალაქის, იაროსლავ სუმბაევის საექსტრადიციო დოკუმენტების შესწავლა.

დღეს დილით, BBC-მ ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის გადაცემის მიზნით რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ჯერ კიდევ 2018 წლის 26 ნოემბერს მიმართა, თუმცა ეს მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი და ექსტრადიცია სავარაუდოდ, აპრილამდე მოხდება.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე 2018 წლის ნოემბერში დაკავებული იაროსლავ სუმბაევის საექსტრადიციო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, პროკურატურა გადაწყვეტს მიმართოს თუ არა სასამართლოს ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობით.

პროკურატურის განმარტებით, სასამართლოს შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. გენერალური პროკურატურის განცხადებით, გადაწყვეტილება მიიღება ექსტრადიციის და ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების და ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

რუსეთში იაროსლავ სუმბაევის წინააღმდეგ საქმე აღძრულია თაღლითობის და დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის მუხლებით. გამოძიების ინფორმაციით, 2013-2014 წლებში სუმბაევის ხელმძღვანელობით მოქმედი ჰაკერების ჯგუფი ტურისტული სააგენტოების სახელით ყიდდა რკინიგზის ყალბ ბილეთებს. ამ საქმის გამომძიებელი ევგენია შიშკინა 2018 წლის 10 ოქტომბერს, მოსკოვის მახლობლად მოკლეს. რუს სამართალდამცავებს სუმბაევის დაკითხვა სურთ მკვლელობის საქმეზეც. ევგენია შიშკინას ოჯახის წევრთა ინფორმაციით, ის მკვლელობამდე იღებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნით.

საქართველოში დაკავების შემდეგ იაროსლავ სუმბაევმა თავშესაფარი ითხოვა. მისი ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებდა, რომ სუმბაევი კიბერდანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა, კატეგორიულად უარყოფს კავშირს გამომძიებლის მკვლელობასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG